ტექნოპარკი ბათუმი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, სტარტაპს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და „ფრილანსერებს“ სთავაზობს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, სხვადასხვა ტრენინგებსა და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით სარგებლობას ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
+995 555 29 29 92
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა ბათუმის ტექნოპარკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
ტექნოპარკი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ კამპუსში, პირველ სართულზეა განთავსებული, რომლის უნივერსიტეტთან ინტეგრირება, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს. ბათუმის ტექნოპარკის გახსნის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, აჭარის მთავრობასა თუ ადგილობრივ თვითმმართველობას ქონდეს შესაძლებლობა გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.
ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, რომელშიც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ტექნოპარკი ბათუმი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე.
ბათუმის ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), რომელიც დაკომპლექტებულია უახლესი დანადგარებით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით. ბათუმის ფაბლაბი მოიცავს 3D პრინტერს, ლაზერულ მჭრელს, პროგრამირებად ჩარხს (CNC-რუტერი), ელექტრონიკის მიმართულებით პლატების დასამზადებელ რუტერს, 3D სკანერს, ვაკუუმ ფორმერსა და ბრტყელ ზედაპირზე მბეჭდავ პრინტერს. ლაბორატორიაში შეიქმნა სხვადასხვა ინოვაციური იდეის მატერიალიზაციისათვისა და პროტოტიპების შექმნისთვის.
ამასთან, ბათუმის ტექნოპარკი ითავსებს სასწავლო ცენტრის ფუნქციას და სასწავლო კომპონენტის ფარგლებში მუდმივად ტარდება ტრენინგები ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური აზროვნებისა და სტარტაპების განვითარების საკითხებზე. დაინტერესებულ პირებს, სტარტაპებსა და ე.წ ,,ფრილანსერებს“, სთავაზობს საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის, თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.
ბათუმის ტექნოპარკის მისიაა აჭარის რეგიონში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის ახალი საპროექტო იდეების მქონე გუნდების კონსულტირება GITA-ს საგრანტო კონკურსებისთვის, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება აჭარის ეკონომიკის წამყვან დარგებში.