პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა. პროგრამა ხელს შეუწყობს: •ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში. •სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად. •მინიმალური სიცოცხლისუნაირანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
🚀 პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საერთაშორისო აქსელერატორები - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - განახორციელებენ ერთწლიან აქსელერაციის პროგრამას. პროგრამა დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს იდეების ვალიდაციაში, მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში, ზრდის უზრუნველყოფასა და ინვესტიციების მოზიდვაში.
აქსელერაციის სრული ციკლი მოიცავს სამ ფაზას:
I ფაზა - 2-თვიანი ინტენსიური სწავლებისა და მენტორინგის პერიოდი შერჩეული სტარტაპებისთვის.
II ფაზა - 4-თვიანი პერიოდი, რომელიც ფოკუსირებულია მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნასა და დახვეწაზე, პროდუქტის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. ამ ეტაპზე სტარტაპები იღებენ ინტენსიურ სწავლებასა და მენტორინგს.
III ფაზა - 6-თვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში სტარტაპები იღებენ ინდივიდუალურად მორგებულ მხარდაჭერას. ეს მოიცავს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას, გლობალურ და რეგიონულ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობას, მომხმარებელთა ბაზის გაზრდასა და შემოსავლების გენერირების ოპტიმიზაციას.
🏆მეორე და მესამე ფაზაზე გადასული სტარტაპები მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 50,000 და 150,000 ლარის ოდენობით.
2026 წლის იანვრიდან აქსელერაციის პროცესს დაიწყებს Plug and Play და Startupbootcamp, ხოლო ივლისიდან პროგრამას შეუერთდებიან 500 Global და Founder Institute.
📝Startupbootcamp-ის აქსელერატორში განაცხადების წარდგენა დაწყებულია, დაინტერესების შემთხვევაში, გადადი ბმულზე: https://www.startupbootcamp.org/georgia
Plug and Play – მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სტარტაპების აქსელერატორი 2006 წელს დაფუძნდა აშშ -ში, დღეს წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქალაქში და ახორციელებს აქსელერაციის 60-ზე მეტ პროგრამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი პორტფოლიო აერთიანებს 2,500-ზე მეტ სტარტაპს, რომლებმაც მოიზიდეს 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება. Plug and Play არის გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მოთამაშე.
Startupbootcamp - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპების აქსელერატორი 2010 წელს დაარსდა დანიაში. კომპანია გლობალურ ბაზარზე საქმიანობს და 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. 2010 წლიდან დღემდე Startupbootcamp-მა განახორციელა 180-ზე მეტი სპეციალიზებული აქსელერაციის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო 1800-ზე მეტი სტარტაპი. პორტფოლიო სტარტაპებს აქვს 3.5 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობით მოზიდული ინვესტიციები. კომპანიას ჰყავს 100-ზე მეტი წარმატებით „დაექსითებული“ სტარტაპი.
500 Global - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის კომპანია 2010 წელს აშშ-ში დაარსდა. მათ აქვთ 3000+ პორტფოლიო კომპანია, მათ შორის 35+ კომპანია 1 მლრდ დოლარის და მეტი ღირებულებით. 500 GITA-სთან პარტნიორობით 2020 წლიდან საქართველოში ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას რომელის 2026 წლის ივნისში დასრულდება, ხოლო 2022 წლიდან ვენჩურულ ინვესტირებას (ფონდის მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარი). ამ ეტაპზე 59 სტარტაპში აქვთ ინვესტიცია განხორციელებული 5.9 მლნ დოლარის ოდენობით.
Founder Institute - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აქსელერატორი აშშ-დან ეხმარება ადრეული ეტაპის სტარტაპებს იდეების ბიზნესებად ქცევაში. კომპანია 2009 დაარსდა და დღეს აქვს წარმომადგენლობა 200+ ქალაქში და 100+ ქვეყანაში. მათ პორტფოლიოშია 5000+ სტარტაპი, რომლებმაც მოიზიდეს 950 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
პროგრამა სრულად დაფინანსებულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.
აქსელერაციის პროგრამის სახელმძღვანელო.pdf
დანართი 1. განაცხადის შევსების ინსტრუქცია.pdf