პროგრამები

ბიზნეს ინკუბატორი

ბიზნეს ინკუბატორი

  Tbilisi

„ბიზნეს ინკუბატორი“ არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში, გაიარონ საკუთარი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი. ინოვაციების სააგენტოს „ბიზნეს ინკუბატორის“ 6 თვიანი პროგრამა სტარტაპებისთვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. საწყის ეტაპზე გუნდები 2 კვირიან ე.წ. „welcome ტრენინგებს“ გაივლიან, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კი ისინი პროტოტიპის შექმნაზე იმუშავებენ. პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მათ უკვე შედგენილი ბიზნეს გეგმა, ბიზნეს მოდელი და ფინანსური პროგნოზები ექნებათ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს.

ბიზნეს ინკუბატორი

პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნეს იდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. თითოეული გუნდი პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიიღებს 30 000 ლარამდე ღირებულების პროდუქტებსა და სერვისებს, დატრენინგდებიან ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: პროექტის მართვა, მარკეტინგი, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბება და სხვა. მათ კონსულტაციებს გაუწევენ ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სხვა საკითხებში; გუნდები უზრუნველყოფილები იქნებიან ტექნოპარკში საერთო სამუშაო სივრცით და მიიღებენ პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ დახმარებას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისა და სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან. ამასთან, ყოველი გუნდი მიიღებს 5,000₾ -მდე ფულად გრანტს სააგენტოსგან პროტორიპირებისათვის.

პროგრამა ბიზნეს ინკუბატორი პირველად 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა. გუნდების მიღება 2 ეტაპად მოხდა. პირველ ნაკადში ცხრა გუნდმა, ხოლო მეორეში- ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სტარტაპებმა პროგრამის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეს. მათ მიიღეს კონსულტაციები წამყვანი სპეციალისტებისგან, გუნდებს ასევე საშუალება მიეცათ შეხვედროდენ ქართველ ინვესტორებს და მათ წინაშე წარედგინათ თავიანთი სტარტაპები. 2017 წლის 20 მარტს კი „ბიზნეს ინკუბატორის“მესამე ნაკადმა აიღო სტარტი, სადაც 10 სტარტაპ გუნდი იღებს მონაწილეობას. 

სტარტაპ ბიზნესების ხელშეწყობა და ბაზარზე მათი პოზიციონირება ზრდის ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის წინსვლისა და ფორმირების არეალს. მსგავსი წამოწყებები ქვეყანაში არის მაგალითი, თუ როგორ უნდა აქციოს დამწყებმა ბიზნესმენმა იდეა რეალობად. სტარტაპერებს ბიზნეს ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში აქვთ შანსი სრულიად უფასოდ მიიღონ ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელი მომსახურება და სერვისები, რაც მათ სწორი კურსით განვითარებას უზრუნველყოფს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტარტაპებს მიეცეთ მეტი სტიმული, რისთვისაც საჭიროა ინვესტორების მაქსიმალური ჩართულობა. დამწყებ ბიზნესმენებს ჭირდებათ შანსი, იდეა აქციონ რეალურ პროდუქტად, გავიდნენ ბაზარზე და შექმნან კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო.

ბიზნეს ინკუბატორი

Book program