ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს საგრანტო პროგრამას „მცირე და საშუალო მეწარმეთა (SME) ციფრული ტრანსფორმაციის  ხელშეწყობა R&D-ის მეშვეობით“. საგრანტო პროგრამის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება 20 ივლისს დასრულდა და საგრანტო კონკურსის მონაწილეთათვის ვორქშოფი ტექნოპარკში გაიმართა. პროგრამის პირველი ეტაპის გამარჯვებულები (5 გამარჯვებული) 30 ივლისს გამოვლინდებიან.

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

·     მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაცია R&D (კვლევა და განვითარება) გრანტების მეშვეობით - ახალი გადაწყვეტილებების შექმნა ან არსებული გადაწყვეტილებების გაუმჯობესება. ამ კომპონენტის ჯამური ბიუჯეტი 100 000 ევროა, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების მეშვეობით. ამ პროცესში ასევე ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები.

·     ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომელიც წარმოაჩენს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას და საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაეცნოს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით იმ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქმნება საქართველოში. აღნიშნული კომპონენტი დამატებით მოიცავს ასევე სამუშაო შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებს შორის და შემეცნებით ღონისძიებებს პროექტის ბენეფიციარებისთვის.

·     ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მოხდება სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, გლობალური ტენდენციების გათვალიწინებით.

პროექტი ხორციელდება 2022 წლის 12 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე.

GITA-ს ინიციატივას მხარს უჭერს პროექტი „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME), რომელიც მიმდინარეობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.