შეხვედრა სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ტან კიან ჰოუს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნური ინტელექტის (AI), ტექნოლოგიების, ინოვაციური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციებზე ორიენტირებული ციფრული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის სახელწიფო მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სტარტაპ-ეკოსისტემის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კერძოდ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპების სინგაპურის ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან და საერთაშორისო ბიზნეს-ქსელებთან დაკავშირების შესაძლებლობების შესახებ.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სინგაპურში აზიის ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH-ის (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში იმართება. კვირეულში საქართველო ქვეყნის პავილიონით „StartUP in Georgia“ პირველად იქნება წარმოდგენილი.
