შეხვედრა IT სექტორის წარმომადგენლებთან

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე IT სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ციფრული სერვისებისა და ზოგადად ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელობასა და მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ამ დისციპლინებში სამუშაო ძალის გადამზადებასა და გაზრდაზე. მიმდინარე გადამზადების პროგრამა, რომელსაც GITA მსოფლიო ბანკთან ერთად ახორციელებს, გულისხმობს 3000 აიტი პროფესიონალის გადამზადებას 30-ზე მეტი მიმართულებით.  საპილოტე რეჟიმში უკვე გადამზადდა 574 სპეციალისტი, რომელთაგან 70%-მა მიიღო სერთიფიკატი. ამჟამად მიმდინარეობს 1000 სპეციალისტის გადამზადება, ხოლო აპრილ-მაისის თვეში დაიწყება განაცხადების მიღება დანარჩენ 1500 ადამიანის გადამზადებაზე.

 

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2022 წელს იწყება 5000 დამწყები აიტი სპეციალისტის მოსამზადებელი კურსები. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებული იქნება იმ ადამიანების გადამზადებაზე, რომელთაც არ გააჩნიათ ცოდნა ამ მიმართულებით, თუმცა დაინტერესებულნი არიან, დაეუფლონ გლობალურად მოთხოვნად დარგებს აიტი მიმართულებით. ეს პროგრამა უფრო მეტი ახალი სამუშაო რესურსით მოამარაგებს ქართულ აიტი სექტორს.

 

ლევან დავითაშვილის ინიციატივით, შეიქმნება ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო, რომელიც იმუშავებს კერძო სექტორთან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად, რათა უახლოეს პერიოდში წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დასაჩქარებლად.