საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, GITA - ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გურიის რეგიონში ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.

30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები:

·      ფერმებისა და თევზსაშენი მეურნეობების მართვის სისტემები ქ. ოზურგეთში - დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, რათა მარტივი და მოქნილი გზებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ადამიანური რესურსის მინიმალური გამოყენებით, მართონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, სისტემურად განსაზღვროს ბიზნესის ზრდის გზები, ავტომატურად დაგეგმოს და აღრიცხოს ყოველდღიური საქმიანობა, როგორიცაა: საკვების მარაგების მართვა, მონიტორინგი, საათობრივი კვების ავტომატური დაგეგმვა, კვების გეგმის შესრულების აღრიცხვა და სხვა.  

·      პანაცეა - ბახმაროს გირჩის ნაყენი - ბახმაროს და გურიის უნიკალური გირჩის ნაყენი სითხის წარმოება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, სხვადასხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებით. 

·      მეფუტკრეთა მომსახურების ცენტრი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი აკეთიდან ევროპული მოდელის და HACCP-ის სტანდარტის მეფუტკრეთა მომსახურების სერვის ცენტრის შექმნა, თაფლის გამოწურვის, გადამუშავების, ჩამოსხმის სერვისებით. შედეგად, პროექტი დაეხმარება იმ დამწყებ და პროფესიონალ მეფუტკრეებს, ვისაც არ აქვს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, არ აქვს თაფლის გადამუშავება-ჩამოსხმის შესაძლებლობა სერტიფიცირებულ საწარმოში. ცენტრის გახსნის შემდეგ მეწარმეები შეძლებენ გაზარდონ პროდუქტის ხარისხი, დეკლარირებულად შევიდნენ სავაჭრო ქსელებში და გავიდნენ საექსპორტო ბაზრებზე. 

100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები:

 ·      ბადიში - თანამედროვე და უნიკალური გემოს მქონე პროდუქტის წარმოება ოზურგეთში. ინოვაციური პროდუქტი/შეფუთვა - „ერთი ამოწება“ საწებლების ულუფა, რომელიც მოსახერხებელი იქნება ლანჩის, პიკნიკის, მოგზაურობის დროს. სპეციალურ მასალაზე ხელის გადასმით მომხმარებელს შეუძლია შეიგრძნოს პროდუქტის არომატი, შეფუთვა და ულუფის ზომა კი გაამარტივებს მოხმარების პროცესს და დაზოგავს მომხმარებლის ბიუჯეტს. ასევე ხელს შეუწყობს გურიაში სოციალურად დაუცველების დასაქმებას.

·      სილოსის დამზადების სერვისი ოზურგეთიდან - მსხვილფეხა საქონლის საკვებად გამოსაყენებელ სილოსად დამზადებისთვის საჭირო მომსახურების გაწევა და შეფუთვა ინოვაციური მეთოდით გურიის და არამარტო გურიის რეგიონში, რომელიც ფერმერებს დაეხმარება ამჟამად მათ მიერ მოყვანილი დაბალი რენტაბელური კულტურის, სასურსათო ან საფურაჟე სიმინდის მაღალი რენტაბელური - სასილოსე სიმინდით ჩანაცვლებაში და ამით საქონლის გენეტიკური შესაძლებლობის შეუსაბამოდ დაბალი, რაოდენობრივი, ხარისხობრივი და შესაბამისად ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაში, როგორც რძის, ასევე ხორცის წარმოებაში. 

·      აგროდრონი - უახლესი ტექნოლოგიების, კერძოდ დრონების გამოყენებით, ინოვაციური სერვისი შექმნა ქ. ოზურგეთიდან, რომელიც გაუმარტივებს გურიის რეგიონის ფერმერებს ხილის ბაღებისა და პლანტაციების შეწამვლის პროცესს, მისცემს საშუალებას დაზოგონ დრო, ენერგია და ფინანსები. შედეგად, შემცირდება ნედლეულის თვითღირებულება, გაიზრდება პროდუქტის ხარისხი და კონკურენტუნარიანობა.  

       თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ფირფიცარი - საქართველოში წარმოებული პირველი საავეჯო ბიო მასალა ქ. ოზურგეთიდან - თხილის ნაჭუჭის მეორადი გადამუშავებით მიღებული უნარჩენო და ბიოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი, რომლისგანაც შეიძლება ავეჯის, კარის, ლამინატის, თაროების და კიდევ ბევრი სხვა სახის ბიო პროდუქტის წარმოება. დამზადდება ნებისმიერი კონსტრუქციისთვის უნივერსალური, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მყარი ბოჭკოვანი ფანერი, რომელიც ჩაანაცვლებს დღეს ბაზარზე ფართოდ გავრცელებულ, ხის გადამუშავებით წარმოებულ, წებოს შემცველ ბოჭკოვან დაფას. 

       ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროგრამის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.