იტალიური სტარტაპები საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლებს შეხვდნენ

თბილისის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლები იტალიურ სტარტაპებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრა, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნეს, GITA-სა და იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა განვითარდეს და გადაიზარდოს კონკრეტულ პარტნიორობაში, ინვესტიციებსა და ახალ ბიზნეს შესაძლებლობებში.

“ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ორი ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემები, გავხსნათ ახალი ბაზრები ქართული სტარტაპებისთვის და შევქმნათ საფუძველი ერთობლივი ტექნოლოგიური პროექტებისთვის”- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

შეხვედრაზე იტალიელმა სტარტაპებმა ქართველ მონაწილეებს საკუთარი საქმიანობა და ინოვაციური გადაწყვეტილებები გააცნეს. შეხვედრის პროგრამა ასევე მოიცავდა სახელმწიფო სააგენტოების (GITA, ITA) პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიასა და ინდივიდუალურ B2B შეხვედრებს.

ვიზიტი საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდება. 29 სექტემბერს იტალიური სტარტაპები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ეწვევიან, სადაც ისინი საქართველოს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლებს, სტარტაპებსა და ტექნოლოგიური სფეროს სხვა მონაწილეებს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შესაძლებლობებს და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.