ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.