GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებული სვანეთში ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებული სვანეთში გამოვლინდა.

გამარჯვებული პროექტი:

Lango-ის მიზანია შექმნას სწავლების ახალი ფორმა — პლატფორმა, სადაც ხელოვნური ინტელექტი გაძლევს ცოდნას იმ ადამიანის სახით, ვისაც თავად ირჩევ: შენი კუმირი, შთამაგონებელი პიროვნება ან გმირი. ეს ინდივიდუალური და ემოციურად ჩართული მიდგომა სწავლას ხდის გაცილებით საინტერესოს, ეფექტურსა და დასამახსოვრებელს.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

2025 წელს აღნიშნული საგრანტო პროგრამა უკვე განხორციელდა აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც გამოვლინდა 14 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელოს რეგიონებში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 7 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.