GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცნობილია - 2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტები:

·      FlavAR - სტარტაპი მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის Dining experience უფრო ინტერაქტიული და მიმზიდველი გახადოს AR ტექნოლოგიის გამოყენებით. ამავდროულად დაეხამროს რესტორნებს, როგორც შეკვეთების ავტომატიზაციასა და უკეთ მართვაში, ასევე მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაში.

·      Nody - სოციალური ქსელი, რომელიც მეგობრებს შორის screen time-ის გაზიარებაზეა დაფუძნებული.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან გამოვლინდა 41 გამარჯვებული პროექტი. 2024 წელს  კი აღნიშნული პროგრამა განხორციელდა საქართველოს 6 რეგიონში და გამოვლინდა 24 გამარჯვებული. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 9 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.