GITA - ს 10 წლის იუბილე
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლისაა. საიუბილეო ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა. GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ კი სააგენტოს არსებობისა და განვითარების ათწლიანი ისტორია შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმებიც გააცნო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპები.
საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები.
ასევე დამატებით განისაზღვრება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით.
ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე.
საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრა ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტები შექმნას საქართველოში:
· ხელოვნური ინტელექტი - საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით.
· ფაგები - ფაგებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება, რაც გამომდინარეობს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობიდან ბევრი ინფექციისა თუ დაავადებების მიმართ. საქართველოს ფაგების თითქმის საუკუნოვანი კვლევის გამოცდილება აქვს, შესაბამისად ჩვენს ქვეყანას შეუძლია ფაგების მიმართულებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო მასშტაბით გატანა.
· აგროტექნოლოგიები - სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართველი ფერმერების პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას.
განხორციელდება სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი, რომელიც მოიცავს სტარტაპების ინკუბაციის 12 თვიან პროგრამას 3 ეტაპად:
· Founder Market Fit - პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩევა 40 სტარტაპი და ორი თვის განმავლობაში დამფუძნებლები გაივლიან აქტიურ ქოუჩინგს და მენტორინგს.
· MVP - ეტაპი მოიცავს ოთხთვიან მენტორიგს მინიმალური ღირებულების პროდუქციის შექმნის, ბაზარზე ტესტირებისა და კლინტებთან ურთიერთობის დამყარების პროცესში და ასევე 50,000 ლარის ოდენობის გრანტს MVP-ს შექმნისთვის საჭირო ხარჯების გასაწევად. აღნიშნულ ეტაპზე გადავა 20-მდე სტარტაპი.
· Market Entry - ეტაპი მოიცავს ექვსთვიან მენტორინგს ე.წ. Traction-ის მისაღწევად და გრანტს 150,000 ლარის ოდენობით.
ინკუბაციის პროგრამას განახორციელებს 4 საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ინკუბატორი, რომელიც შეირჩევა GITA-ს მიერ. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ინკუბაციაში ჩაერთვება ჯამურად 160 სტარტაპი.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. საგრანტო დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 38 მილიონი ლარი, შედეგად კი დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ სამ აქსელერატორში შემავალი და მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამას. მასში, ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც რეგიონალური ინოვაციური ჰაბის როლს. ამასთან ერთად, საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი შეიქმნა 20 მილიონი დოლარის კაპიტალით.
საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი ფანჯრის პრინციპით, საქართველოს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეებს დაეხმაროს კომერციალიზაციაში. საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში, დაფინანსდა 80 პროექტი.
საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, 120 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა საქართველოში, რომელთაც, 2023 წლის 12 თვის მონაცემებით, ხელფასის სახით მილიარდი ლარი გასცეს, ამასთან შეიქმნა 10 000 - ზე მეტი სამუშაო ადგილი.