ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო აქსელერატორმა Startupbootcamp-მა აქსელერაციის მესამე ეტაპის განხორციელება დაიწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, საერთაშორისო აქსელერატორმა Startupbootcamp-მა პროგრამის მეორე ფაზა დაასრულა, 10 საუკეთესო სტარტაპი გამოავლინა და პროგრამის მესამე ეტაპის განხორციელება დაიწყო.
აღნიშნულ ფაზაში თითოეული შერჩეული სტარტაპი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 150 000 ლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსებას მიიღებს. პროგრამის მიმდინარე ექვსთვიანი ეტაპი მონაწილე კომპანიებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას ითვალისწინებს. აქსელერაციის პერიოდი ფოკუსირებულია გაყიდვების სტრატეგიის ეფექტურ ფორმირებაზე, გლობალურ და რეგიონულ ბაზრებზე პოზიციონირების ხელშეწყობაზე, მომხმარებელთა ბაზის გაფართოებასა და შემოსავლების გაზრდაზე, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესის ხელშეწყობაზე.
ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო აქსელერატორი Startupbootcamp-ი გლობალურ ბაზარზე საქმიანობს, 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა და კონცენტრირებულია ინოვაციური ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებასა და მათ გლობალურ ბაზარზე წარმატებული გასვლის ხელშეწყობაზე.
“ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში” სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს. პროგრამა ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.
