ავთანდილ კასრაძემ ინდოეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა.

სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტარტაპ ეკოსისტემების დაახლოებას და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

ინდოეთის ელჩმა ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და საელჩოს სახელით მზადყოფნა გამოთქვა, აქტიურად შეუწყოს ხელი შესაბამის პარტნიორულ ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და სტრატეგიული კავშირების დამყარებას.

ამიტ კუმარ მიშრამ სააგენტოს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაც დაათვალიერა. სტუმარმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ლაბორატორიის ტექნოლოგიური შესაძლებლობების, თანამედროვე აპარატურისა და პროტოტიპირების პროცესის შესახებ, სადაც ადგილობრივ ინოვატორებსა და სტარტაპერებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტად ქცევის შესაძლებლობა აქვთ.