ავთანდილ კასრაძე: “კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკოსისტემების თანამშრომლობით შეგვიძლია სტარტაპებს ინვესტიციებზე, პარტნიორებსა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ”

“კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკოსისტემების თანამშრომლობით შეგვიძლია სტარტაპებს ინვესტიციებზე, პარტნიორებსა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაში Tech Week 2026.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „Central Asia & the Caucasus: Emerging Tech Ecosystems“ სიტყვის გამოსვლისას, ავთანდილ კასრაძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ეტაპებზე, აღნიშნული სეგმენტის მხარდაჭერისკენ მიმართულ სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია ინოვაციური ბიზნესების განვითარებისა და ქვეყნის რეგიონულ ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბებისკენ.

დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონში ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებისა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემების დაახლოებასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.

პანელური დისკუსია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, Georgian Innovation Hub-ში გაიმართა. ღონისძიებამ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

Tech Week - ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმია, რომელსაც ვენჩურული ფონდი Andreessen Horowitz (a16z) წარადგენს.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სან ფრანცისკოს სამეცნიერო მუზეუმში Exploratorium - ში, მუზეუმის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობა და სან-ფრანცისკოს მუზეუმიდან ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისთვის ექსპონატების მიღების შესაძლებლობები განიხილეს.

Exploratorium – ი გამოჩენილმა ამერიკელმა ფიზიკოსმა ფრენკ ოპენჰაიმერმა 1969 წელს სან-ფრანცისკოში დააარსა. მან სრულიად შეცვალა სამეცნიერო მუზეუმების კონცეფცია და აქცენტი ვიზიტორთა ინტერაქციულ ჩართულობაზე გადაიტანა.