150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო - 14 რაუნდი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთოთხმეტე რაუნდის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

·      მარვინ ლიაო - ადრეული ეტაპის ვენჩურული ფონდის ,,Gamegroove Capital“-ის პარტნიორი (სან-ფრანცისკო, აშშ)

·      ბილ რაიჰართი - 2.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მართვაში არსებული აქტივების მქონე ვენჩურული ფონდის, ,,Pegasus Tech Venture“-ის პარტნიორი (სან-ფრანცისკო, აშშ)

·      გვენ ედვარდსი - ანგელოზ ინვესტორთა ქსელის Golden Seeds“-ის მმართველი დირექტორი, ინვესტორი და მრჩეველი (სან-ფრანცისკო, აშშ)

·      ბრეტ ვოთერსი - სამი IT კომპანიის დაფუძნებელი და CEO, სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი, წიგნების ავტორი, სილიკონ ველის გამორჩეული მენტორი (სან-ფრანცისკო, აშშ)

·      ზაზა ფაჩულია - ანგელოზი ინვესტორი, NBA-ის სამგზის ჩემპიონი.

გამარჯვებულები 2025 წლის 17 სექტემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2025 წლის 14 მარტს მეთოთხმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცამეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 255 სტარტაპი დაფინანსდა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.