150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების მზადება ფინალური ეტაპისთვის - მეათე რაუნდი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 8 თებერვალს მეათედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცხრა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 175 სტარტაპი დაფინანსდა.
წელს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის პირობები შეიცვალა და დაინტერესებულ პირებს 15 თებერვლიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა. კონკურსით შერჩეული საუკეთესო 150 სტარტაპი გადამზადდა ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომი საფეხური მოიცავდა პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას. განაცხადების შეფასება განახორციელეს საერთაშორისო ექსპერტებმა, როგორც ბიზნეს გეგმის შეფასებით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდა 50 ფინალისტი.
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის, სილიკონ ველიდან მოწვეული ტრენერები მოამზადებენ:
· Christopher Burry - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center USMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არის აქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი. მისი გამოცდილება მოიცავს სამეწარმეო არქიტექტურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო სისტემებს, მეთოდოლოგიებსა და IT სფეროს. ქრისტოფერ ბერის დაფუძნებული აქვს მრავალი კომპანია პროგრამირებისა და სერვისების სფეროში.
· Gail Christine Gannon - Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი. აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს - T.H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში.
· Chris Brown - ეკოსისტემის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტი, მუშაობდა ნიუ იორკში IBM-ის ქსელის გაფართოების მენეჯერად და DATA FUTURE LABS (NYU)-ის გენერალურ მენეჯერად. 2013 წელს უნგრეთში დააფუძნა კომპანია TRACTION TRIBE, რომელიც ადრეულ სტარტაპებს ეხმარებოდა განვითარებასა და გლობალურ ბაზარზე გასვლის გზების ძიებაში; აქვს მდიდარი გამოცდილება მენტორინგის მიმართულებით.
· Steve Adelman - სილიკონ ველის Nexus Partners LLC-ს მმართველი დირექტორი. სტივ ადელმანი არის უმაღლესი რანგის სტრატეგიის კონსულტანტი მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების, ორგანიზაციული დაგეგმარების, პარტნიორობისა და ვენჩურული კაპიტალის მართვის სფეროში 25 წლიანი გამოცდილებით. არის სილიკონ ველის Wharton Alumni Angels-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ხელმძღვანელი. მისი აკადემიური კვალიფიკაცია მოიცავს პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის ხარისხს, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ოთხ კონტინენტზე.
· Scott Nesbit - ფართოდ არის დაკავშირებული ბიოტექნოლოგიის, ავტომობილებისა და ვიდეო თამაშების ინდუსტრიებთან. აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება, როგორც დამფუძნებელად, ასევე ინვესტორად და მრჩეველის რანგში ბიოტექნოლოგიის, ვიდეო თამაშების, საავტომობილო და უსაფრთხოების ინდუსტრიებში. ბოლოს მან დააფუძნა ინოვაციური COVID-19 დიაგნოსტიკური კომპანია Arion Bio, Inc, ასევე არის მენტორი Berkeley SkyDeck HealthTech-ში. ის არის ექსპერტი ტექნოლოგიებში და გლობალური ბიზნესის წამოწყებასა და მართვაში.
გამარჯვებულები 2023 წლის 1 ივნისს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.