ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას შორის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ ზაქარაძემ მოაწერეს. განათლების ქალაქში, ფიზიკა- მათემატიკის სკოლაში გამართულ ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო.


ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, სფეროს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს; მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მოსწავლეებს მსოფლიო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოწვევებზე ესაუბრა. მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაში ბათუმის ტექნოპარკი მიიღებს მონაწილეობას, როგორც პრაქტიკულ ასევე, ტრენინგ-კურსების მიმართულებით.