საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების საზაფხულო სკოლის დემო დღე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ინოვაციების საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადის დასკვნით დემო დღეს უმასპინძლა, სადაც კურსის მონაწილეებმა საკუთარი იდეები და პროექტები KIU - სა და GITA - ს ადმინისტრაციის წინაშე წარადგინეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის 2021 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით.

2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, მემორანდუმის ფარგლებში, KIU - ს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაევლოთ სტარტაპების შენების კურსი ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით, რომლის მიზანი იყო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, „იდეაციის“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები; მოახდინოს სტუდენტებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე; მოხდეს KIU-ს ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ-ეკოსისტემაში; KIU-ს სტუდენტებს შორის უფრო მყარი კავშირების გაჩენა და პროექტებზე მუშაობის შედეგად, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის გაზრდა. კურსში ჯამში 50-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.