„ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების (Georgia: Institutional Capacity for Innovation)“ პროექტის დახურვის ღონისძიება

დღეს, 2 ივნისს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა „ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების (Georgia: Institutional Capacity for Innovation)“ პროექტის დახურვის ღონისძიება. ღონისძიება გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ირაკლი ნადარეიშვილმა. ღონისძიებაზე შესავალი სიტყვით გამოვიდა, ასევე, ბატონი კატალინ გერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე.

„ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების (Georgia: Institutional Capacity for Innovation)“ პროექტი დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ და ხორციელდებოდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის მიერ, ერთობლივად. ღონისძიება მიზნად ისახავდა „ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების (Georgia: Institutional Capacity for Innovation)“ პროექტის შეჯამებასა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაციას. პროექტისა და მისი ძირითადი პროგრამების შესახებ ისაუბრა მსოფლიო ბანკის კერძო სექტორის უფროსმა სპეციალისტმა, იფეინვა უჩენა ონუგამ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი და განხილული იყო პროექტის ორი ძირითადი კომპონენტი: ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) და საინვესტიციო მზადყოფნისა & ინვესტორის განვითარების პროგრამა (IRIC).

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროგრამის დაწყებიდან ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის გუნდი ეწვია უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს, მიიღო განაცხადები პროგრამაში მონაწილეობისათვის (70-ზე მეტი განაცხადი), შეისწავლა მიღებული სამეცნიერო პროექტები ტექნოლოგიური, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ბიზნეს მზაობის მიმართულებით, შეიმუშავა კომერციალიზაციის გეგმები და საბოლოოდ, კომერციალიზაციისთვის შეარჩია 9 სამეცნიერო პროექტი. აგრეთვე, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის გუნდმა კომერციალიზაციისთვის შერჩეული პროექტებისთვის შეიმუშავა და განახორციელა განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებები, რათა გაეზარდა პოტენციური ბიზნეს პარტნიორების დაინტერესება და, ამავდროულად, აწარმოა მოლაპარაკებები დაინტერესებულ ინდუსტრიულ პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების წარდგენისა და გაზიარების მიზნით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ორი სამეცნიერო პროექტის წარმომადგენელი: ბატონი ნიკოლოზ ნიორაძე, სამეცნიერო პროექტის, “მანგანუმის მადნების ჰიდროელექტრომეტალურგიული გადამუშავება და მაღალი სისუფთავის მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატის მიღება“, გუნდის წევრი  და ბატონი თენგიზ ქირია, სამეცნიერო პროექტის, „ეკონომიური მულტი-სენსორული ავტომატური ტელემეტრული ადრეული შეტყობინების სისტემა (აშს) მეწყერების/ღვარცოფების ინიციაცის შესახებ“, გუნდის წევრი.

საინვესტიციო მზადყოფნისა & ინვესტორის განვითარების პროგრამა (IRIC) შესაძლებლობას აძლევს ფანდრაიზინგის პროცესში მყოფ მეწარმეებს მოემზადონ საინვესტიციო კაპიტალის მოპოვებისთვის. ის, ასევე, აძლიერებს ადრეული სტადიის ინვესტიციების ცნობადობას და აქტივობას, ანგელოზ ინვესტიციებზე ფოკუსით. 2019 წლიდან, 20-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა საინვესტიციო მზადყოფნის სწავლებით და 5-მა მოიპოვა საინვესტიციო კაპიტალი. საინვესტიციო მზადყოფნისა & ინვესტორის განვითარების პროგრამის გუნდი კომუნიკაციაში ჩაერთო 100-ზე მეტ პოტენციურ ანგელოზ ინვესტორთან, ანგელოზი ინვესტიციის სწავლება გაუწია 30-ზე მეტ კერძო პირს, და ხელი შეუწყო ოთხი ახალი ანგელოზ ინვესტორთა ინიციატივის /საზოგადოების ჩამოყალიბებას.  

საინვესტიციო მზადყოფნისა & ინვესტორის განვითარების პროგრამის (IRIC) განმავლობაში მიღებული გამოცდილებისა და შედეგების წარსადგენად ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ქეთევან ვაჩიბერიძე, ანტრეპრენერი და B2C-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლიკა წიწუაშვილი, ინვესტორი და რეპორტინგისა და ანალიზის უფროსი Sun Petroleum Georgia-ში და ჰაიკ ასრიანცი, აქსელის თანადამფუძნებელი.