რეგიონალური თასის გამარჯვებულთა დაჯილდოება ზუგდიდის ტექნოპარკში

3-5 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობის ფარგლებში, უცხოელ და ქართველ მენტორთა ხელმძღვანელობით, ანაკლიაში ჩატარდა პირველი რეგიონალური თასის გათამაშება მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიებში მომუშავე სტარტაპებს შორის.
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონალური თასის გათამაშებაში მონაწილეობას 10 უცხოური და 4 ქართული სტარტაპი ღებულობდა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების რეგიონალური კოორდინატორები, რომლებიც წარმოადგენდნენ თავიანთი ქვეყნების ინოვაციის სამინისტროს, მაღალი ტექნოლოგიების პარკს, ქვეყნის მოწინავე სტარტაპების ტურნირს, მასპინძლობის ინდუსტრიაში ინოვაციის წამყვან კომპანიასა და ტექნოლოგიების ბიზნეს პარკს.
ღონისძიების ჟიური დაკომპლექტებული იყო ქართველი, ამერიკელი, ესტონელი და დანიელი წევრებისგან, რომლებიც ამავდროულად მენტორის ფუნქციასაც ასრულებდნენ, გუნდებთან პირისპირ გამართულ საკონსულტაციო სესიებში. ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა ზუგდიდის ტექნოპარკში, სადაც მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები. ოქტომბრის ბოლოს ისინი მიიღებენ მონაწილეობის უფლებას „მსოფლიო თასის“ გათამაშებაში, რომელიც გაიმართება თბილისში.