ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსები პეკინში ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე

ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსები ქალაქ პეკინში (ჩინეთი) ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან. მოზარდებმა სამგზავრო დაფინანსება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მოიპოვეს.

გამგზავრებამდე ოლიმპიადის მონაწილეებს ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ წარმატება უსურვა და მათი ინოვაციური იდეების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

წელს ტურნირზე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკისა და ილია ვეკუას სახელობის სკოლის უფროსკლასელები გაემგზავრებიან. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი (International Young Physicists' Tournament ან IYPT) 2018 წლის 19-26 ივლისს გაიმართება. საქართველო ამ ტურნირზე 1992 წლიდან მონაწილეობს.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი სამეცნიერო კონკურსია და წარმოადგენს გუნდურ შეჯიბრებას სკოლის მოსწავლეთა შორის. ტურნირის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და სამეცნიერო სამუშაოებით.