ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის სააგენტოს, ბანკსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორები ერთობრივ პროექტებს განახორციელებენ ინოვაციური და სამეწარმეო გარემოს ფორმირების ხელშეწყობის, სტარტაპების საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო აქტივობების სტიმულირების მიმართულებებით.

პარტნიორების პირველი პროექტი „სტარტაპ კვირეული“ იქნება, რომელიც მაისის ბოლოს თბილისში და ივნისის ბოლოს ზუგდიდში ჩატარდება. კვირეულის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს.

კვირეულის ფარგლებში სტარტაპები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ მათ. ასევე, უცხოელი მენტორები მათთვის საჭიროებების მიხედვით ტრეინინგებს ჩაატარებენ და შესაბამის კონსულტაციას გაუწევენ. პროექტი რეგულარულ სახეს მიიღებს და წელიწადში ორჯერ საქართველოს ტექნოპარკში თბილისსა და ზუგდიდში ჩატარდება.