საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

შეხვედრა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებთან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი  და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში (TTPP) შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდნენ.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) 2019 წლის აპრილში დაიწყო და მისიმიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით. პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია.  

პროექტის ფარგლებში შეირჩა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე იდეები, კერძოდ, პროექტები, რომლებიც არის ტექნოლოგიების მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. შერჩეულ ცალკეულ პროექტებს, სპეციალურად მათთვის შემუშავებული კომერციალიზაციის გეგმებიდან გამომდინარე, აქვთ წვდომა ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე, მათ ინდუსტრიულ პარტნიორებთან წარსადგენად,  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 74 საპროექტო განაცხადიდან მეორე ეტაპზე, რაც გულიხმობდა ტექნოლოგიების შესწავლას ბიზნესის, ტექნოლოგიის და ინტელექტუალური საკუთრების ჭრილში,  13 პროექტი გადავიდა. აღნიშნული 13 პროექტიდან შერჩეულ იქნა  კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე 9 ტექნოლოგია, მათი განვითარებისთვის კი შემუშავდა კომერციალიზაციის ცალკეული გეგმები, რომელთა შესაბამისად,  თითოეულ პროექტზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორთან ტექნოლოგიის ლიცენზირების ან სხვა გზით კომერციალიზაციის კუთხით. პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებს შორის განიხილებიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: AIRBUS, Airbus Helicopters, Naval Group, CAOSA, MMC და სხვა.