საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და კომპანია Cardeal.ge - ს შორის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა Cardeal.ge -მ მიიღო. საავტომობილო პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს პირადი ქარდილერის მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მანქანის პროფესიონალურ შეფასებასა და აუქციონის წესით 30-40%-ით დაბალ ფასად შეძენას. ონლაინ პლატფორმა ასევე ემსახურება იმ პირებს, რომლებიც რეგულარულად დაკავებულები არიან ავტომობილების იმპორტით და ტრანსპორტირებაზე სთავაზობს სპეციალურ შეღავათიან პირობებს, აძლევს წვდომას სადილერო აუქციონებსა და ექსლუზიურ ინვენტარზე.

უახლოეს მომავალში სტარტაპი გეგმავს გაფართოებას და დამატებით 100-მდე ამერიკული სადილეროს ჩართვას პლატფორმაში, რაც ჯამში დამატებით თვეში 40,000 დაუზიანებელ მანქანას შესთავაზებს მომხმარებელს. ასევე ამუშავდება ინდივიდუალური რეკომენდაციიების ფუნქცია, რომლის ალგორითმიც ითვალისწინებს მომხმარებლის პირად მოთხოვნებსა და მათზე მორგებული ვერსიების შეთავაზებას.

Cardeal.ge-ის მიღებული აქვს GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი და 500Startups-ის პროგრამის ფარგლებში, როგორც სწრაფად მზარდი სტარტაპი, ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც 2021 წელს სილიკონ ველიზე გაემგზავრება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.