საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და კომპანია Elven Technologies - ს შორის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანია Elven Technologies- მა ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

პროექტის მიზანია მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმის შექმნა. "ელვენ ტექნოლოჯის"-ის გუნდმა GITA - ს გრანტის პარალელურად $95 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. საბოლოო ჯამში კომპანიამ პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000 დოლარის ოდენობით დახურა. რაუნდში მონაწილეობდა ცხრა ინვესტორი, მათ შორის ამერიკული ვენჩურული სტუდიო - Technovate, რომელიც შექმნილია აზერბაიჯანელი დამფუძნებლების მიერ.

 ამ ეტაპზე კომპანიას დასრულებული აქვს უნიფორმის პროტოტიპი (შარვალი და ქურთუკი). არსებული უნიფორმა არის მხოლოდ ინოვაციური ნაჭრების კომბინაციით შექმნილი და არ მოიცავს გაგრილების სისტემას. გაგრილების სისტემის გარეშე, „ელვენ ტექნოლოჯის“ უნიფორმა 8 -დან 80 წამამდე ზრდის ცეცხლისაგან და ტემპერატურისგან დაცვას, ამასთან ორჯერ უფრო მსუბუქია არსებულ უნიფორმებზე. მიღებული ინვესტიციით იგეგმება უნიფორმის ლაბორატორიულ პირობებში გატესტვა. ტესტირების დასრულების შემდეგ კომპანია მზად იქნება პროდუქტის დაპატენტებისთვის და შესაძლებელი იქნება უნიფორმების გაყიდვა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.