საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულ კომპანიას შორის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ  ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

კომპანიის პროდუქტი - ღვინის ჩაი ახალი სიტყვაა ღვინის უნარჩენოდ წარმოების სფეროში, პროდუქტი იქმნება საფერავის ჯიშის ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი ნედლეულის მაღალტექნოლოგიური დამუშავებით.  არ შეიცავს ალკოჰოლს  და ამავდროულად გააჩნია ღვინის ყველა სასარგებლო თვისება. პროდუქტი ხასიათდება ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობითა და ენერგეტიკული თვისებებით.  ის გამოიყენება როგორც ცხელ სასმელად, ასევე ცივი, არაალკოჰოლური კოქტეილების დასამზადებლად. 

კომპანიის მიზანია უნარჩენო წარმოებაში ინოვაციის შეტანის გზით საზოგადოებას შესთავაზოს არაგენმოდიფიცირებული, ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც გახდება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.