საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

კასპში ტექნოპარკი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ კასპში ტექნოპარკი გახსნა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ტექნოპარკთან ერთად გაიხსნა ასევე პროფესიული სასწავლებელიც.  

ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.

კასპის ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.

ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში .