საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების მზადება ფინალური ეტაპისთვის

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო. დღეიდან 17 სექტემბრის ჩათვლით კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები მოამზადებენ:

  • ქრისტოფერ ბერი - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center USMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არის აქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი. მისი გამოცდილება მოიცავს სამეწარმეო არქიტექტურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო სისტემებს, მეთოდოლოგიებსა და IT სფეროს. ქრისტოფერ ბერის დაფუძნებული აქვს მრავალი კომპანია პროგრამირებისა და სერვისების სფეროში.
  • ალფრედო კოპოლა - აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center) ერთ-ერთი დირექტორი. მან საფუძველი დაუდო  სილიკონ ველის აქსელერატორის პროგრამას „Go Global”. ფლობს ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის კონსულტანტის 20 წელზე მეტხნიან გამოცდილებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში. კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაწეული აქვს 150-ზე მეტი ადრეული ასაკის ტექნოლოგიური კომპანიისთვის.
  • გეილ ქრისტინ გენონი - Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი. აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს  - H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში.
  • ემი . პეკი- გამოცდილი სტრატეგოსი და კონსულტანტი, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე და განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას ორგანიზაციული განვითარების სრულყოფის პროცესში. ემი აქტიურად ეხმარება მსხვილ კომპანიებს სტარტაპ ეკოსისტემის კვლევასა და შესწავლაში.  2015 წელს დააფუძნა და დღემდე არის კომპანიის EndeavorVR, Spatial Computing Consultants მოქმედი ხელმძღვანელი. კომპანიის კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი ცნობილი გლობალური მოთამაშეები, როგორებიც არიან „ამაზონი“, „ვიზა“, „ტოიოტა“, „US მაკი“ და სხვები. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური განვითარების სტრატეგიებს. ემი პეკი მუშობს როგორც სტარტაპებთან, ასევე - ვენჩურულ კაპიტალისტებთან და ანგელოზ ინვესტორებთან.

 

მოსამზადებელი ტრენინგების შემდეგ ფინალურ ეტაპზე თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეები საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარსდგებიან. გამარჯვებულები 2020 წლის 29 სექტემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 1 ივლისს მეხუთედ  გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.