ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA -სა და სდასუს შორის

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეთა თანამშრომლობა შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: სტუდენტებში ინოვაციური ბიზნეს იდეების აღმოჩენისა და მათი სტარტაპ კომპანიებად განვითარების ხელშეწყობა, ამ მიზნით სხვადასხვა ერთობლივი პროექტების, მათ შორის, სტუდენტური სტარტაპ აქსელერატორის პროგრამის განხორციელება. საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისა თუ კონკურსების ორგანიზება, განსაკუთრებით, IT და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. სტარტაპებისა და დამწყები კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში, საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტის რესურსების, მათ შორის, პროფესურისა და სტუდენტების ჩართვა მენტორებისა და კონსულტანტების სახით, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა სტაჟირების პროგრამებში. დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნების, ასევე პრაქტიკული ცოდნისა და უნარების უნივერსიტეტის სასწავლო კურიკულუმებში გათვალისწინების მიზნით, კონსულტაციებისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე სტუდენტებს შეხვდა და გაესაუბრა.