ანა ავალიანის საჯარო ლექცია ტექნოპარკში

როგორ ყალიბდება წარმატებული ინოვაციური ეკოსისტემა - ტექნოპარკმა ანა ავალიანის საჯარო ლექციას უმასპინძლა. განათლებით ჟურნალისტი ანა ავალიანი Royal Academy of Engineering-ის Enterprise პროგრამას ხელმძღვანელობს. ჩივნინგის სტიპენდიის მიღების შემდეგ, ანამ სწავლა კემბრიჯში გააგრძელა ‒ სწორედ იქ ისწავლა, როგორ შეიძლება საკუთარი ტექნიკური უნარებით ბიზნესთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ სტარტაპებს განვითარების რეალური შანსი მისცე.

კემბრიჯამდე ანა ავალიანი უკვე მუშაობდა იმ დროისთვის საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში ‒ მაგთიკომი. შემდეგი დიდი ნაბიჯი მის კარიერაში საკონსულტაციო კომპანია PA Consulting Group იყო. ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელზეც ანა ბეირუთში მუშაობდა, ლიბანის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობას გულისხმობდა. ბრიტანეთისა და ლიბანის ტექნოლოგიური ცენტრი ‒ ასე ერქვა პროექტს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო მეწარმეობის მხარდაჭერაზე ‒ ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა მსოფლიო ბაზარზე ამ ქვეყნის სამეწარმეო ბაზისთვის გზა უფრო ადვილად გახსნილიყო. ამ დროისთვის UK Lebanon Tech Hub-ს მხარდაჭერილი ჰყავს 81 სტარტაპი; მოზიდული აქვს 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია; გენერირებული აქვს 52 მილიონი დოლარის შემოსავალი; შექმნილი აქვს 2000 სამუშაო ადგილი და მისი პორტფოლიოს ღირებულება ამ დროისთვის უტოლდება 224 მილიონ ამერიკულ დოლარს.

დღეს ანა ავალიანს Royal Academy of Engineering-ის Enterprise პროგრამა აბარია. 2013-2019 წლების მთავარი რიცხვები კი ასეთია:
▪ 75 მხარდაჭერილი სტარტაპი
▪ 400-ზე მეტი მაღალპროფილური ახალი სამუშაო ადგილი
▪ სტარტაპების მიერ მოზიდული 130 მილიონ დოლარზე მეტი

შეხვედრა Forbes Woman Georgia- სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გაიმართა.