სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით

ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმებას. ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, 18:00 საათზე.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე განმარტავს: - „საქართველოს ისტორიაში პირველად ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკთან ერთობლივი მუშაობით, ევროკავშირიდან 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნოლოგიების კომერციალიზაციისთვის მიიღო. სააგენტოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იქმნება სისტემა, რომელშიც განხორციელდება ტექნოლოგიების გადაცემის პროცესი“.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას ჰქონდეს კიდევ უფრო ინოვაციური ეკონომიკა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით ჩვენ საუკეთესო იდეებს ნოვატორულ პროდუქტებად და სერვისებად ვაქცევთ“, აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და გამოწვევებს. შედეგად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს შეუწყობს სამეცნიერო ინოვაციების განვითარებას კომერციალიზაციისთვის მომზადებასა და ტექნოლოგიების გადაცემას. პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით.

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილ იქნა აპლიკაციები, რომელთა შესწავლის შედეგად შეირჩა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტები. 2019 წლის აპრილიდან აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიების მზაობის მე-4 დონეზე (TRL4) და ტექნოლოგიის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დეტალური შესწავლა და მათი ბიზნეს-პოტენციალის შეფასება. შერჩეულ პროექტებზე მომზადდება კომერციალიზაციის გეგმა, რომელზე დაყრდნობით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკთან ერთად უზრუნველყოფს კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე პროექტების დაფინანსებას; ამას გარდა, მოხდება პოტენციური ბიზნეს-პარტნიორებისთვის პროექტების შეთავაზება ტექნოლოგიის დანერგვის მიზნითა და აღნიშული ტექნოლოგიის ლიცენზირების გზით.

2020 წელს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შერჩეული პროექტებისთვის 1 მილიონ ევრომდე ფინანსურ მხარდაჭერას განახორციელებს.