ClimateLaunched - ის ეროვნული ფინალი ტექნოპარკში

ტექნოპარკში ClimateLaunchpad - ის საქართველოს ეროვნული ფინალი გაიმართა, სადაც მწვანე სტარტაპები ჟიურის წინაშე საკუთარი ბიზნეს იდეების პრეზენტაციით წარსდგნენ. კონკურსის გამარჯვებულები არიან:

  • ,,Irnero“ - ქმნის მზის პანელების საწმენდ ჭკვიან მექანიზმს, რომელიც ადამიანის ჩარევის გარეშე აღმოაჩენს მზის პანელის დაბინძურებას და წმენდს მას. - პირველი ადგილი
  • ,,Advancement sciences“ - აწარმოებს წყალბადის გენერატორებს. - მეორე ადგილი

გამარჯვებული სტარტაპერები (პირველი და მეორე ადგილი) 14-15 ნოემბერს ჰოლანდიაში, ამსტერდამში ClimateLaunchpad - ის გლობალურ ფინალზე გაემგზავრებიან, რომელშიც 53 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ფინალისტებს შესაძლებლობა აქვთ მოიგონ ფულადი პრიზები (€ 10,000, € 5,000, € 2,500), 6 თემატური პრიზი (თითო € 5,000 ღირებულების), ხოლო საუკეთესო ათეული მოხვდება 18-თვიან საერთაშორისო EIT Climate-KIC აქსელერატორში, სადაც შანსი აქვთ გრანტის სახით € 95,000 ინვესტიცია მიიღონ. გარდა ამისა, სტარტაპებს აქვთ საშუალება დაუკავშირდნენ საერთაშორისო ინვესტორებს, პოტენციურ პარტნიორებს, დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კონტაქტები და ჰქონდეთ გლობალური მწვანე სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემაში წვდომა. საქართველო პროგრამაში წელს პირველად ჩაერთო.

 

ტექნოპარკში გამართული ClimateLaunchpad - ის საქართველოს ეროვნული ფინალის მონაწილეების პრეზენტაციები  შემდეგ თემებს აერთიანებდა: წყალბადის გენერატორი, ეკოტექნოლოგიით დამზადებული ასფალტი, ელექტრო ტრანსპორტის გაზიარების სისტემა, საკვების ნარჩენების შემცირების აპლიკაცია, ჭკვიანი თვითმწმენდავი სისტემა მზის პანელებისთვის, მეორადი ტანსაცმლის პერსონალიზებული აპლიკაცია, ინოვაციური ტექნოლოგიითა და ქართული ფოთოლით დამზადებული ერთჯერადი ნივთები და სხვა.

 

ClimateLaunchpad - ი  მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მწვანე ბიზნეს იდეების კონკურსია, რომელიც  ევროკავშირის ინიციატივითა  და EIT Climate-KIC-ის სამეწარმეო პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია მწვანე სტარტაპების მხარდაჭერა და კლიმატის ცვლილებების პრობლემის მოგვარების ხელშეწყობა მეწარმეობისა და ინოვაციების გზით. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.