ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 20 გამარჯვებული სტარტაპი ცნობილია

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

გამარჯვებული სტარტაპები არიან:

•Lupi AI - ანალიკიტური ხელსაწყო განათლებასთან დაკავშირებული მონაცემებისთვის. ლუპი AI მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა განათლებაში.

•Logmind - კომპანია, რომელიც ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ლოგ-მონაცემთა ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მსხვილი ორგანიზაციების DevOps და IT ოპერაციულ ჯგუფებს დაეხმარება ავტომატურად გამოავლინონ ხარვეზები თავიანთი აპლიკაციებიდან.

•Qvevry - პროექტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭლის - ქვევრის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებას. ქვევრების საბეჭდად სპეციალურად შეიქმნება ახალი კერამიკული 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ 1000 – 1500 ლიტრი მოცულობის ქვევრების დამზადებას.

•RNSEED Potato Fabrik - კარტოფილის თესლის ინვიტრო კლონირებისა და მინი-ტუბერების გამრავლების უნიკალური ინტეგრირებული აგრო-ბიო ტექნოლოგიური სისტემა.

•Colors of Caucasus - ნატურალური ინგრედიენტებით ეკოლოგიურად სუფთა ღებვის ტექნოლოგია ბიო ქსოვილის მისაღებად.

•BioCure - ნავთობ-პროდუქტებით დაბინძურების გაწმენდის ეკოლოგიურად სუფთა და უნივერსალური ტექნოლოგია, რომელიც ამარტივებს დაბინძურების გაწმენდის პროცესს.

•My Drug App - აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს მედიკამენტები საბითუმოზე უფრო იაფ ფასად.

•Shenia - პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ შეუქმნან ბავშვს ქართულ ენაზე დაწერილი პერსონალური ზღაპარი, სადაც პატარა ამბის მთავარი გმირია.

•Phubber - სოციალური შოპინგის პლატფორმა - არის მობილური აპლიკაცია, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიის მიქსია.

•Inventors - მეორადი და ახალი ავტო ნაწილების ყიდვა-გაყიდვის ინოვაციური პროექტი.

•Travel Guide - ინოვაციური, ტურისტული პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის განვითარება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით.

•Bizon.ge - მანქანა-დანადგარების ონლაინ მარკეტი.

•Beauty Lab - საშუალებას აძლევს კლიენტებს სილამაზის სალონში მათი სასურველი პროცედურა დაჯავშნონ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.

•Atrion - საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიის შექმნა, რომელიც მოემსახურება საერთაშორისო განვითარების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, შეძლონ საერთაშორისო დახმარების პროექტების წარმატებული დანერგვა ნაკლები დროისა და დანახარჯების გამოყენებით.

•RED - სახანძრო დეტექციის (კვამლი, სიმხურვალე, ნახშირჟანგი), ასევე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ჭკვიანი სისტემა (CO2, CO, ადამიანის მიერ გამოყოფილი ნაწილაკები, სხვა მავნე აირები). ეს ყველა დეტექტორი და სენსორი დაკავშირებულია ღრუბლოვან პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

•IoGreen - ჭკვიანი სენსორების ავტომატიზაციის სისტემა, რომელიც ეხმარება აგრო სფეროს ბიზნესებს და ფერმერებს.

•VTOL - Aerial Vehicle - რამდენიმე ტიპის, მაღალტექნოლოგიური უპილოტო და პილოტირებადი საფრენი აპარატის წარმოება და მათი საშუალებით ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე ინოვაციური სერვისების შეთავაზება.

•Unmanned Aerial Vehicle - მაღალტექნოლოგიური ჰიბრიდული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც იქნება უფრო ეფექტური, უსაფრთხო და შეძლებს დააკმაყოფილოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი რეგულაციების მოთხოვნები.

•VADAC - პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ონლაინ პლატფორმის განვითარებას აკადემიურად პატიოსანი ონლაინ სერტიფიცირებისთვის, რათა თვითნასწავლ მომხმარებლებსა და დამსაქმებლებს მთელს მსოფლიოში დაეხმაროს საიმედო სერტიფიცირების გონივრულ ფასად მიღებაში.

•LiveCaller - ქლაუდ სისტემაზე დაფუძნებული მომხმარებლებთან ურთიერთობის პროგრამა, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას ურთიერთობა იქონიოს საკუთარი ვებ-გვერდის ვიზიტორებთან ვებ-ზარის, ვიდეო ზარის, ერთობლივი ბრაუზინგის და მიმოწერის საშუალებით სრულიად უფასოდ.