საერთაშორისო ტენდერი 3000 ICT სპეციალისტის გადასამზადებლად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად საერთაშორისო ტენდერი ოფიციალურად გამოაცხადა. პროგრამა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.

,,ჩვენ ვიწყებთ უპრეცედენტო მასშტაბის გადამზადების პროგრამას, რომლის მთავარი ამოცანაა მივიღოთ გლობალურ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. პროგრამა შესაძლებლობას მოგვცემს, მოვახდინოთ ცოდნის ექსპორტი და ქვეყანაში შემოვიდეს დიდი ოდენობით უცხოური კაპიტალი.“ - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

პროგრამის ფარგლებში 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტ მენეჯმენტის, დიზაინის, ბლოკჩეინის და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით და მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერთიფიკატი. შედეგად - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას.

ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ICT სფეროს ტრენინგ-პროვაიდერები და IT კომპანიები, რომლებიც გაეცნენ სატენდერო პირობებს და საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ტენდერში.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2JagFi1