საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. 

ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში საქართველოში ვენჩურული საინვესტიციო ფონდის შექმნის პერსპექტივა და საჭიროება განიხილეს. შეხვედრის მოდერატორი საქართველოს ვენჩურული საინვესტიციო ასოციაციის თავმჯდომარე აიეტ კუკავა იყო. ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპელი ვენჩელინვესტორები: ოლგა აფანასიევა - უკრაინული ვენჩურული საინვესიტიციო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, Maurice Beckand Verwee - Crosspring B.V. - ის დამფუძნებელი, Agnieszka Cenzartowicz - SWC Group- ის პარტნიორი და Alexander Chekan - Haxus - ის პარტნიორი. 

ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად მხარს უჭერს საქართველოში ვენჩურული საინვესტიციო ფონდების შექმნას, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით, რომლის რეფორმირებაც საქართველოს მთავრობის მიერ იგეგმება. ავთანდილ კასრაძემ ასევე ისაუბრა 650 ათასლარიანი საგრანტო პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელსაც ინოვაციების სააგენტო ახორციელებს და აღნიშნა, რომ პროგრამა კიდევ უფრო წაახალისებს კერძო ვენჩურულ ინვესტიციებს სტარტაპებში. 

ფორუმის მიზანია საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები.