გრანტების პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა თელავში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში მიმდინარე ორი საგრანტო პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, როგორც ახალგაზრდა, ფორმირების ეტაპზე მყოფ, ასევე მზარდ ადგილობრივ ბიზნეს კომპანიებს. კერძოდ, გამოცხადებული საგრანტო პროგრამები მოიცავს 100 000-ლარიან და 650 000-ლარიან თანადაფინანსების გრანტებს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრანტების პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ პირებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ. დამსწრე საზოგადოებამ დეტალური ინფორმაცია მოისმინა პროგრამების შესახებ და ყველა არსებულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო.

საგრანტო პროგრამების მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა სტარტაპ-გრანტების შემთხვევაში შედგენს 10%-ს.

650 000-ლარიანი ინოვაციური გრანტი შეუძლია მიიღოს საქართველოში რეგისტრირებულმა სულ მცირე ერთი წლის ასაკის მქონე კომპანიამ. თანადაფინანსების მოცულობა აღნიშნული გრანტის შემთხვევაში უნდა შეადგენდეს 50%-ს.

დამატებითი ინფორმაციისთვის -www.grants.gov.ge