ინოვატორთა კონკურსის გამარჯვებულების დაჯიდლოება ტექნოპარკში

ახალგაზრდა ინოვატორები ნინო გრიგალაშვილი და გურამ ცირეკიძე ინოვაციების სააგენტოსა და იტალიის საელჩოს დაფინანსებითა და ორგანიზებით სამთვიან სტაჟირებას იტალიაში გაივლიან. ინოვატორთა კონკურსის გამარჯვებულები სასწავლო კურსით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის სამუხრუჭე სისტემების მწარმოებელი კომპანიის Brembo-ს ინოვაციურ ცენტრს Kilometro Rosso- ს და Città della Scienza-სა და ნეაპოლის ფედერიკო II სახ. უნივერსიტეტის ხელშეწყობით შექმნილ ბიზნეს ინკუბატორს Campania NewSteel - ს ეწვევიან. ინოვატორთა კონკურსი იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის შედეგია. კონკურსი დაწესდა COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში.

გამარჯვებულები ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დააჯილდოეს. დაჯილდოების ცერემონიალის პარალელურად იტალიის საელჩოს ორგანიზებით ტექნოპარკში გაიმართა სემინარი თემაზე ,,გადასვლა იდეიდან წარმოებაზე, ინტუიციიდან - ბიზნესზე“, ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა მექანიკა, ინფორმატიკა, ინოვაციური მასალები თუ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები. დაჯილდოებისა და სემინარის გამართვის თარიღი შემთხვევითი არ შერჩეულა. ეს დღე "იტალიური სამეცნიერო კვლევების დღეა", რომელიც იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევების, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ეს თარიღი სიმბოლურიცაა, ვინაიდან ემთხვევა დიდი იტალიელი გამომგონებლისა და უნივერსალური გენიოსის, ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღეს.