''დაიწყე ბიზნესი, შექმენი ფაბლაბში'' - პროექტის დეტალები ,,ახალ დღეში''

30 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით „თბილისი მოლში“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის "დაიწყე ბიზნესი, შექმენი ფაბლაბში" მეექვსე ნაკადის გუნდები, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქცია (აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და სხვა). ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტის მონაწილე სტარტაპებს საშუალება მისცა იდეა ექციათ ბიზნესად და დაეწყოთ მცირე წარმოება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ვექტორული გრაფიკისა და დანადგართან მუშაობის ტრენინგები, რამაც საშუალება მისცა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით განეხორციელებინათ პროდუქციის წარმოება. აგრეთვე, მათ ჩაუტარდათ ტრენინგები გაყიდვების, ბიზნეს მოდელის შექმნისა და დიზაინის მიმართულებით.

პროტოტიპირების პროცესში გუნდებს ფაბლაბის კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტები დაეხმარნენ. პროექტის მიზანია საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ინოვატორებს მიეცეთ საშუალება, იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ტექნოლოგიების განვითარებას. გამოფენა-გაყიდვა მონაწილე გუნდებს საშუალებას აძლევს გაეცნონ მომხმარებლის მოთხოვნილებებს და განავითარონ ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით.