თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ტექნოპარკში

 

 

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამას გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების  და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

 ,,ჩვენი მიზანია, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც საინტერესო, გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური იდეა/პროექტი გააჩნია, არ დარჩეს სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე საწყის ეტაპზე. შემდგომში სახელმწიფო ყველანაირ პირობას უქმნის, როგორც სტარტაპებს, ისე კერძო ინვესტორებს, რომ მათ მოახდინონ  ინვესტირება  სტარტაპებში და შესთავაზონ კონკურენტიანი, ინოვაციური გადაწყვეტილებები მსოფლიო აუდიტორიას.” - აცხადებს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

 “თანადაფინანსების პროგრამა გაზრდის ინოვაციური კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. იგი, ასევე, მისცემს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო განავითაროს საქართველოს ინოვაციის ეკოსისტემა და სამომავალო პროგრამებში მოახდინოს გამოცდილების ინტეგრაცია.“- აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.  

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი  სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებპორტალზე  www.grants.gov.ge