საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
დაფინანსება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ფინანსებზე წვდომის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს დაფინანსების პროგრამებს სტარტაპებისთვის, როგორც კომერციალიზაციის, ასევე კვლევა-განვითარების ეტაპზე.

პროგრამა სტარტაპ საქართველო

პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. პროგრამა ერთობლივად შემუშავდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და საპარტნიორო ფონდის მიერ, რომელიც დამტკიცდა მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებით.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციურ იდეებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

პროგრამა შედგება ორი კომპონენტისგან: ინოვაციური კომპონენტის და მაღალტექნოლოგიური კომპონენტისგან. სააგენტო ახორციელებს მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს და აფინანსებს პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები.

პროგრამის მახასიათებლები

  • პროექტს აფასებენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები Silicon Valley-დან;
  • საინვესტიციო დაფინანსება 100,000 ლარამდე;
  • არ მოითხოვება განმცხადებლის თანხობრივი თანამონაწილეობა;
  • განმცხადებლის წილობრივი მონაწილეობა 95%;
  • წარმატებული პროექტების წარდგენა საერთაშორისო ინვესტორებისთვის დამატებითი ინვესტიციების მოსაპოვებლად სილიკონ ველიში;
  • სააგენტო ერთობლივ საწარმოში 5%-იანი წილის პარტნიორად რჩება არაუმეტეს 7 წლის ვადით და არ ერევა სტარტაპის მმართველობაში;
  • მენტორინგის და ქოუჩინგის უზრუნველყოფა;

სტარტაპ საქართველო პროგრამის მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფარგლებში მიღებული 149 განაცხადიდან, კონკურსის წესით, შეირჩა და დაფინანსდა 100 000 ლარის ოდენობით 20 სტარტაპი. „სტარტაპ საქართველო“-ს  პროექტზე სულ 726 განაცხადი შემოვიდა, აქედან, 149 მაღალტექნოლოგიურ კომპონენტზე.


მცირე  გრანტები

2016 წლის  1 იანვრიდან  16 დეკემბრის  ჩათვლით მცირე (5000 ლარამდე) საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ საააგენტომ მიიღო 175 საგრანტო განცხადება.  შერჩეული წინადადებების და პროექტების (მოკლე სია) განხილვა განხორციელდა საგრანტო საბჭოზე. სულ დაფინანსდა 84 საგრანტო პროექტი, ჯამში გაიცა 290 000 ლარი.

პროტოტიპირების მიმართულებით მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 48 პროექტი (კიბოს ავთვისებიანი სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკა სისხლის პლაზმის შრატის დნმ კვლევის საფუძველზე; Pawwwn ონლაინ პლატფორმა; Educare Global ვებ-დეველოპმენტი; ,,უკვე" მობილურის აპლიკაცია; Tbilisi 360 მობილურის აპლიკაცია; სოფლის მეურნეობის ნარჩენებისგან გლუკოზის წარმოების ინოვაციური ტექნოლოგია; ქრაუდფანდინდის ქართული ონლაინ პლატფორმა; adcoin.ge (ვებ დეველოპმენტი); „ანტიბრაკონიერი", შეიქმნა მოწყობილობის პროტოტიპი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განახორციელოს ზედამხედველობა ბრაკონიერობაზე; Admove პროექტი (კერძო მანქანებზე სარეკლამო ფართის გაქირავება); პროექტი ,,ანაბანა" (სამაგიდო თამაშის Scrabble-ის ქართული ვერსიის შექმნა); პროექტი ,,გუსტავი” (სამრეცხაოს ადგილზე მომსახურება); პროექტი ,,ჭკვიანი სახლი" (ვებ-დეველოპმენტი); პროექტი ,,Treepex" (მწვანე ლოიალურობის პროგრამა, მობილურის აპლიკაციის მეშვეობით ხეების დარგვა); ვირტუალური რეალობის გამოყენებით მანქანის სიმულატორი მოწყობილობა/პროგრამული უზრუნველყოფა (DriVR); მოძრავი აუგმენტური რეალობის მოწყობილობა (MARD); პროექტისთვის ,,ჰოლო” ჰოლოგრამის პროტოტიპის შექმნა; მობილური აპლიკაცია ანდროიდ და iOS პლატფორმებზე, გაფართოებულ რეალობაში რესტორნების მენიუს სანახავად; ,,Smart Light On”, გარე განათების ოპტიმიზაციის სისტემის პროტოტიპი, რომელიც ამცირებს ავტოავარიებს; MarsIn პროექტისთვის პროტოტიპის შექმნას, რომელიც ითვალისწინებს მარსის მისიებში ჩართვას და მისი ზედაპირის კვლევას, ეს არის ნანოტექნოლოგიური რობოტი, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია მარსის ზედაპირზე სიარულითვის (NASA-სთვის წარსადგენად) და სხვა.

სამოგზაურო გრანტების ფარგლებში დაფინანსება მიიღო 20 ბენეფიციარმა, რომელთაც აიმაღლეს კვალიფიკაცია სხვადასხვა სახის საერთაშორისო კონფერენციებზე, მიიღეს მონაწილეობა კონკურსებსა და შეჯიბრებებში. 2016 წლის 18-23 ივლისს, ქ. პიატრა ნეამტში (რუმინეთის რესპუბლიკა) ინფორმატიკის ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადაზე,  ქართველმა მონაწილეებმა აიღეს  ვერცხლის და  ბრინჯაოს მედლები. სამოგზაურო გრანტების ფარგლებში გრანტის ბენეფიციარმა მონაწილეობა მიიღო ინოვაციების გლობალური სამიტში, რომლის შედეგადაც ბენეფიციარი  ჩაერთო სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ინოვაციურ პროექტში, სადაც გრანტის ბენეფიციარის მონაწილეობით შეიქმნა  მობილური აპლიკაცია  ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით. აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა აშშ-ში გამოცხადებულ კონკურსში (ჰაკათონში) და  გამარჯვებულ გუნდს პრიზის სახით გადაეცა 100 000 აშშ დოლარი.  სამოგზაურო გრანტების ფარგლები დაფინანსდა მ/წ 4-9 ივლისს, ქ. კიევში (უკრაინის რესპუბლიკა) პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველების მონაწილეობა.