საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ინფრასტრუქტურა

ინოვაციების სააგენტოს ინფრასტუქტურული პროექტების მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის. წვდომა ტექნოლოგიებზე ნიშნავს მის პროგრესზე ფეხის აწყობას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.


ინოვაციების ეკოსისტემის შესაქმნელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის თბილისის ტექნოპარკი, რომელიც რომელიც ოქროყანაში 18 ათას მ2 ტერიტორიაზე მოეწყო და ის 2016 წლის 11 იანვრიდან ფუნქციონირებს. ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის მიზნით, პირველი ტექნოპარკი საქართველოში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიხსნა და ის ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური წარმოების შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.

საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანაა, რომელიც ფაბლაბების რუკაზე გაჩნდა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ აქტიურად დაიწყო 2015 წელს მუშაობა მათ გახსნასა და ამუშავებაზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 8 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაა გახსნილი.

არსებული ფაბლაბები აღჭურვილია ზუსტად იმ აპარატურული ციკლით, რომლის ანალოგებიც არის მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - MIT-ში. უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო ბოსტონში გამართულ FAB 11-ში, სადაც მომწვევების მიერ საქართველო დასახელდა fab ქვეყნად. ფაბლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (Fablab) ბადებს წინსვლის პერსპექტივას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.

2015 წლიდან დაიწყო რეგიონებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოების გახსნა. პირველი რეგიონალური ცენტრი გაიხსნა ხარაგაულში, შემდეგ ჭოოპორტში და ბაღდათში. ცენტრების ფორმირება რაიონებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი მიზანია ქვეყანაში ამ სფეროს ხელშეწყობა და ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა. ის საკმაოდ მრავალპროფილიან მომსახურებას სთავაზობს ადილობრივ მოსახლეობას. მათ წვდომა ექნებათ ძნელადხელმისაწვდომ სერვისებთან. ცენტრებს რეგიონებში უკვე გადამზადებული მენეჯერები უხელმძღვანელებენ. 2016 წლის იანვრიდან უკვე გახსნილ ინოვაციების ცენტრებში დაგეგმილია ტრენინგები. ასევე ჩატარდება ვიდეო ლექციები და სემინარები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ბიზნეს დაგეგმარება, კულტურა, ხელოვნება, სოციოლოგია, დროის მენეჯმენტი, საჯარო ლექციები, პროგრამირება და სამოქალაქო განათლება. ინოვაციების ცენტრებში განხორციელდება მრავალი პროექტი თუ პროგრამა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. იქნება ლეგორობოტიკის სასწავლო კურსი, 3D პრინტერის შესასწავლი პროგრამა-მუშაობის პრინციპების გაცნობა, პროტოტიპირების შესწავლა, 3D ბეჭდვა, ინდუსტრიული/სამრეწველო 3D პროტოტიპირება, პროდუქტის საბოლოო ფორმამდე მიყვანა. ცენტრები ასევე ითვალისწინებს მიკროელექტრონიკის კურსს, -არდუინოს, Littlebits მოწყობილობების მუშაობის პრინციპების გაცნობა/შესწავლას. ასევე მომხმარებლებს წვდომა ექნებათ დისტანციური დასაქმების პლათფორმებთან. 

ინოვაციების სააგენტოს ინფრასტრუქტურა