საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ფაბლაბი

ფაბლაბი, იგივე ფაბრიკაციის ლაბორატორია - არის მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სახელოსნო, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ციფრულ ფაბრიკაციას.

ფაბლაბის კონცეფცია 2001 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ბიტების და ატომების ცენტრის დირექტორმა, ნილ გერშენფილდმა წარმოგვიდგინა. მისი იდეა იყო შეექმნა სამრეწველო ლაბორატორიის მცირე ანალოგი, სადაც კომპიუტერით მართვადი დანადგარებით და შესაბამისი ცოდნით, ნებისმიერი მსურველი შეძლებდა საკუთარი იდეის ხორცშესხმას.

ფაბლაბის შემადგენლობაში არსებული დანადგარების - 3D პრინტერების, CNC რუტერების, ლაზერული მჭრელების, PCB დანადგარების და ა.შ. მეშვეობით შეგვიძლია შევქმნათ, როგორც მარტივი, ასევე კომპლექსური და „ჭკვიანი“ ნივთები. მოვახდინოთ პროტოტიპირება, ტესტირება და მცირე წარმოებაც კი.

ტექნოპარკის ფაბლაბი, თავისი მასშტაბებით და დანადგარების სრული ციკლით, ადგილობრივ სტარტაპებს და ახალგაზრდა ინოვატორებს საშუალებას აძლევს იდეების რეალიზება და ახალი წამოწყებების სრულყოფა მოახდინონ.

ფაბლაბის მიზანია, მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის განსხვავებული, უნიკალური მოდელი. ფაბლაბების განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ახალი სტარტაპ ბიზნესების ჩამოყალიბებისთვის, ასევე მცირე პერსონალური წარმოების ხელშეწყობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველი ინდივიდუალური დიზაინისა თუ ფუნქციების მქონე პროდუქტის დასამზადებლად აუცილებელი აღარ იქნება დიდ ქარხნებთან და წარმოებებთან ურთიერთობა და ეს ყველაფერი ლოკალურად, ფაბლაბების ბაზაზე მოხდება.